English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘
ჩვენი იუბილარები პროფესორი ანზორ აბრალავა – 65

ეკონიმიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ გრიგოლის ძე აბრალავა დაიბადა 1958 წელს ქ. ზუგდიდში, პედაგოგების ოჯახში. 1975 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ქ. ზუგდიდის მე-8 საშუალო სკოლა, 1980 წელს კი – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობით, ხოლო 1991 წელს – თბილისის მენეჯერთა სკოლა.
ანზორ აბრალავამ შრომითი საქმიანობა 1980 წელს დაიწყო თბილისის საავიაციო საწარმოო გაერთიანებაში, სადაც სხვადასხვა დროს მუშაობდა ინჟინრად, უფროს ინჟინრად, განყოფილების უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ, გენერალური დირექტორის მოადგილედ, კონსულტანტად, ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორად, პარალელურად აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში.
1991 წელს არჩეული იყო ქ. თბილისის ისნის რაიონის საკრებულოს წევრად და გამგეობის თავმჯდომარედ, სადაც უფლებამოსილება შეუწყდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. გარკვეული წლების განმავლობაში იგი განიცდიდა დევნა-შევიწროვებას პოლიტიკური შეხედულების გამო, როგორც კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი და მხარდამჭერი.
1999წ. არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, სადაც 2004 წლამდე პარლამენტში ეკავა სხვადასხვა თანამდებობა: ხელმძღვანელობდა – ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს, ასევე იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და ევროპისა და კავკასიის ქვეყნებში საპარლამენტო კომისიის წევრი, ეროვნული თანხმობის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის – „XXI საუკუნე“ თავმჯდომარის მოადგილე.
2004 წელს იგი კვლავ აირჩიეს პარლამენტის წევრად, თუმცა ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად შეუწყდა უფლებამოსილება და განმეორებით კვლავ გახდა დევნა – შევიწროვების ობიექტი, ვინაიდან ღიად უპირისპირდებოდა არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს.
მიუხედავად მის მიერ განვლილი რთული პოლიტიკური გზისა, ბატონ ანზორს არასდროს გაუწყვეტია კავშირი სამეცნიერო – პედაგოგიურ საქმიანობასთან, რასაც იგი 1992 წლიდან ეწევა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.
1999 წელს ა. აბრალავამ პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, სპეციალობით – მაკროეკონომიკა, 2005 წელს კი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად, სპეციალობით – ეკონომიკური თეორია, ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია.
ბატონი ანზორი 2006 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, 2007 წლიდან კი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, სადაც კითხულობს ლექციებს თეორიულ ეკონომიკასა და მენჯმენტში. 2020 წლიდან იგი ასევე არის თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.
მნიშვნელოვანია მისი მეცნიერული კვლევის სფერო: ეკონომიკის გლობალური და ინოვაციური განვითარების, ბიზნესის ჰუმანიზაციის, სოციალიზაციისა და მასთან დაკავშირებული პრობლემები. მას გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი ნაშრომი (მათ შორის 5 მონოგრაფია), როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე მაღალრეიტინგულ გამოცემებში. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „გზა მაღალტექნოლოგიური ეკონომიკისაკენ“, „ეროვნული ეკონომიკა და გლობალიზაცია“, „ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალურ-ინოვაციური პრობლემები“, „რეგიონული ეკონომიკა“ (ავტორთა ჯგუფთან ერთად). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 21 სადისერტაციო სადოქტორო ნაშრომი.
იგი არის ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ეკონომიკური, ბიზნესის და სხვა დარგობრივი აკადემიის წევრი. ასევე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის წევრი.
პროფ. ა. აბრალავამ დააფუძნა საზოგადოებრივი ორგანიზაციები: „ეკონომიკისა და პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი“, „ეროვნული პლატფორმა“, „სრულიად საქართველო“.
1980-იანი წლებიდან დაწყებული, იგი ძალიან საინტერესოდ და ინტენიურად მსჯელობს პრესასა და სატელევიზიო სივრცეში აქტუალურ ეროვნულ, სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე.
ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და ხუთი შვილიშვილი.
მისი მეუღლე, ჩვენი კოლეგა – რუსუდან ქუთათელაძე, ეკონომიკის დოქტორი, ასევე ტექნიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანია.
ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედაქცია და სარედაქციო კოლეგია ულოცავს ბატონ ანზორს იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას და მორიგ წარმატებებს თავის სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედაქცია, სარედაქციო კოლეგია